ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში სოლიდარობის აქციები გაიმართა.
რეგიონებში შეკრებულმა ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდეს.
"ხელისუფლებას და სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, რომ დაცული იყოს ჟურნალისტების უფლებები, მიეცეთ ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება და ყოველი მომხდარი ფაქტი ბოლომდე იყოს გამოძიებული და თავდამსხმელები უმკაცრესად იყვნენ დასჯილები", - ამბობს აქციის მონაწილე თამუნა ქავთარაძე.
1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.
პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის ფაქები 55 ადამიანზე განხორციელდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.
ამ დრომდე, კლინიკაში რჩება მედიის 6 წარმომადგენელი, ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი ადმინისტრაციული წესით გუშინ დააკავა, დღეს კი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე პოლიციამ სამი ადამიანი დააკავეს.
პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ გაიმართებოდა. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.